ბათუმში ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოებს შპს „ჟასმინი“ ატარებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შემსყიდველის სურვილი შენობაზე სართულები დაეშენებინა არ დააკმაყოფილეს და კომპანიას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მქონე შენობის, არსებული სახით შენარჩუნება დაევალა. პროექტის მიხედვით, შენობაში უნდა განთავსდეს ას ნომრიანი სასტუმრო და სამორინე. სამუშაოები 2022 წელს უნდა დასრულდეს და მშენებელმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ინტერიერი, გარე ფასადი და შენობის ფერი უნდა შეათანხმოს. ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას სარემონტო სამუშაოები ბოლოს 2009 წელს ჩაუტარდა, თუმცა გარე ფასადი მალევე დაზიანდა. მაშინ კომპანიამ შენობის იერსახეც შეცვალა და მესამე სართული დააშენა.