ქარელის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის მანქანის გატაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

23 ოქტომბერი 2020, 11:27 1828 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული მ.ჟ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ყაჩაღურად თავს დაესხა 1983 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს, რომელსაც ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა მისი კუთვნილი, "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილი.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს" - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი