საფრთხე იყო რეალური, ჩვენი მთავარი მიზანი იყო იქიდან ცოცხლები გამოვსულიყავით - ირაკლი კვარაცხელია

22 ოქტომბერი 2020, 14:36 1511 ნახვა

მძევლობიდან გათავისუფლებულმა ირაკლი კვარაცხელიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მძევლობიდან-გათავისუფლებამდე პერიოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

ამბობს, რომ გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში, გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე საათი იმყოფებოდა და ყველა შეკითხვას უპასუხა. მისივე განცხადებით, თუ დაიბარებენ გამოკითხვაზე მივა და ყველა შეკითხვას კვლავ უპასუხებს.

ირაკლი კვარაცხელია ყვება, რომ საფრთხე იყო მაქსიმალური და ყველა მძევლის მთავარი მიზანი იქიდან ცოცხლად გამოსვლა იყო.

"საფრთხე იყო მაქსიმალურად რეალური. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ იქიდან ცოცხლები გამოვსულიყავით. ვხედავდით, რომ ხელში ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში არსებული ხელყუმბარა და ის თუ აფეთქდებოდა ვერავინ გადავრჩებოდით. ჩვენი მიზანი იყო, რომ არავის გარედან არ ესროლა, რადგან ეს ავტომატურად ჩვენს სიკვდილს ნიშნავდა. როგორც კი თქვა, რომ ტვ. პირველს დაუკავშირდითო ჯერ სხვას უთხრა, რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც ვერ მოახერხეს. მერე ჩემამდე მოვიდა, მე მივწერე ტვ. პირველს არ გვიპასუხეს, მერე თქვა მთავარ არხს დაუკავშირდითო არც იქ გვიპასუხეს, შემდეგ ფორმულასო და იქიდან შეგვეხმიანენ. მალევე დაგვიკავშირდნენ მთავარი არხიდანაც. კომუნიკაცია ხდებოდა ფეისბუქისა და იქ მითითებული ტელეფონის ნომრების საშუალებით"-აცხადებს ირაკლი კვარაცხელია.

კვარაცხელია იხსენებს, რომ თავმდამსხმელს ეტყობოდა, რომ გამოცდილი იყო იარაღთან ურთიერთობაში. ამბობს, რომ იყო ზომიერად აგრესიული. მისივე თქმით, მძევლების კითხვებს მან რამდენჯერმე მეგრულადაც უპასუხა.

"ის იქცეოდა როგორც გამოცდილი ადამიანი იარაღთან ურთიერთობაში. იმდენად აგრესიული იყო, რამდენადაც ეს აუცილებელი იყო ხალხის შესაშინებლად. მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

 

ხმა შემიძლია მივამსგავსო რომ გავიგონო, მაგრამ ამოცნობა ისე არ შემიძლია. საუბრობდა ქართულად, თუმცა კითხვებზე რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა.

 

ის უსაფრთხოდ გასვლას ითხოვდა, თუმცა ქვეყანა სადაც წასვლა უნდოდა არ უხსენებია. ჩანთა მოუტანეს, სადაც იყო 5 შეკვრა, მან ის ჩვენს თვალწინ ამოიღო.

 

ორმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ გაჰყვებოდა და მესამე თვითონ აირჩია. თავიდანვე ესე იყვნენ შეთანხმებულნი, რომ პოლიციის უფროსი დარჩებოდა დანარჩენი მძევლების სანაცვლოდ.

 

მან რამდენიმე ადამიანი ძალიან მალე გაათავისუფლა ხანდაზმულები, ორსულები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. შემდეგ კიდე რამდენიმე ქალი გაათავისუფლა მომლაპარაკებელი პოლიციელის თხოვნით. ბოლოს 20 კაცი დავრჩით, ვინც უნდა დავლოდებოდით მოლაპარაკებების დასრულებას და ბოლოს 12-13 დავრჩით საბოლოოდ"-აცხადებს კვარაცხელია.

განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავას და მომლაპარაკებელი პოლიციელის მიმართ.

"პოლიციელი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა მასთან ზე პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ იქიდან ცოცხლები გამოვსულიყავით.

 

ავთანდილ გალდავას შეთავაზება იყო, რომ ის დარჩენილიყო მძევლების ნაცვლად, რაც ვფიქრობ ძალიან ვაჟკაცური საქციელი იყო და ამისთვის მას დიდი მადლობა"-ამბობს კვარაცხელია.

ირაკლი კვარაცხელიამ, მის მიმართ არსებულ კითხვებსაც გასცა პასუხი. დაადასტურა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია. ბანკში კი ბარათის ასაღებად მივიდა.

"ჩემს გარდა ტელევიზიებთან დაკავშირება მან კიდევ 3 ადამიანს სთხოვა, მაგრამ ერთს ფეისბუქი არ ჰქონდა, მეორეს ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა, მესამეს ანგარიში არ ჰქონდა და როცა მე მითხრა მე დავურეკე, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად იყო აუცილებელი. წინააღმდეგობა ამაზე როგორ უნდა გამეწია.

მე ბანკში მისული ვიყავი საბანკო ბარათის ასაღებად, რომელიც წინა კვირას შევუკვეთე, უბრალოდ დალოდება მომიწია და ამ დროს მოხდა ეს ამბავი.

ვარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და ყველაფერს გავაკეთებ კანონის ფარგლებში, რომ ეს მთავრობა შეიცვალოს."-განაცხადა კვარაცხელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი