„ლელოს“ წევრზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ  ერთი პირი დააკავა

14 ოქტომბერი 2020, 10:23 1236 ნახვა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, ,,ლელოს" წევრს თავს დაესხნენ. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მათ აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პარტიული ნიშნით მიაყენეს. მხარდამჭერს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება და გადაყვანილია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

,,ქუთაისში თავს დაესხნენ ჩემი შტაბის აქტიურ წევრს. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიმართეს სახელით და უთხრეს რომ ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ჰქონდა მანქანაში ,,ლელოს" სააგიტაციო მასალა. კასტეტი ჩაარტყეს თვალში და ხელშია დაჭრილი. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია. დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული მომხდარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება, როგორც საქმის მიჩქმალვა," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლელოს“ წევრზე თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს. დაშავებულს გაეწია სამედიცინო დახამარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს- წერია შსს განცხადებაში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში