საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

05 ოქტომბერი 2020, 16:54 1260 ნახვა

5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო-ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. თბილისის "დინამო არენას" ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის "დინამო არენაზე" საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისის "დინამო არენაზე" გაიმართება.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს" - წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში