ამირან გამყრელიძის განცხადებით, პოლიციელებისა და ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს.
"ამ ეტაპზე ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით ვტესტავთ ჩვენთვის ძალიან საპატივცემულო დიდ კოჰორტას პოლიციელების და იქ გვაქვს თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი ინფიცირების აღმოჩენის და შესაძლებელია, ამ ეტაპზე შემოდგომის გარკვეული პერიოდით გავაჩეროთ ეს და შესაბამისად ჩანაცვლდეს ისინი უფრო მაღალი რისკით, ჩვენი სამედიცინო კოლეგებით.
ასევე, არ გვქონია თითქმის არც ერთი შემთხვევა სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების და ამაზეც ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის ტესტირება გაფართოვდება.
„იცით რომ სახელმწიფო არ მიდის დიდ ე.წ. შემზღუდავ ღონისძიებებზე, მხოლოდ წერტილოვანი. ეპიდსიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით დღეს მეტი ტვირთი გადადის ჩემ კოლეგებზე და სამედიცინო სექტორზე, რომლებიც კოვიდინფიცირების მომატებული რისკი არიან. ჩვენ ვტესტავდით კოვიდკლინიკების თანამშრომლებს, ვტესტავდით რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლებს და ა.შ. უფრო უპრიანია, ეს სფერო კიდევ უფრო გაფართოვდეს, ამაზე ვმუშაობთ და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა მთავრობის დადგენილებაში ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.