კახეთში ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.