ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 5 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანის მუქარით, ერთ დაზარალებულს წინააღმდეგობის გაწევის უნარი შეუზღუდა, ხოლო მეორე ბრალდებულმა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანება მიაყენა მას. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღის და დანის გამოყენების მუქარით მეორე დაზარალებული იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და დაუსახლებელ ადგილას დატოვეს, რომელსაც დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინათ, ხოლო ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- განმარტავენ პროკურატურაში.