აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება

28 სექტემბერი 2020, 17:04 4028 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„დღეს, ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, მოვისმინეთ განცხადებები საზოგადოებრივი მაუწყებლების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით. პოლიტიკოსთა ნაწილი, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, მიიჩნევს, რომ მაუწყებლის კონტენტი მოსაწონი არ არის და ოპოზიციამ, ამ საკითხზე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ერთობლივად უნდა იმსჯელოს.

გვინდა ამ და სხვა პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს მათი კოლეგების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს იზიარებენ, შევახსენოთ, რომ პლურალისტური მედია გარემო წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს და ასეთი გარემოს შექმნაში უმნიშვნელოვანეს როლს, ქვეყანაში, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლების არსებობა თამაშობს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკიდურესად პოლარიზებულ მედია გარემოში ბალანსის შენარჩუნების თვალსაზრისითაც, რაც თანამედროვე ქართული მედიის უდიდესი გამოწვევაა.

არავინ ამტკიცებს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლების მუშაობაში ხარვეზები არ არის. თუმცა, დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის სრულად რეალიზება არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი. შესაბამისად, მაშინ, როდესაც საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი მაუწყებლები ჯერ კიდევ განვითარების პროცესში არიან, ცდილობენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს და სრულფასოვნად შეძლონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებებისა და ამოცანების შესრულება, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მათ გაუქმებაზე საუბარი წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს, როგორც უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის, ასევე მთლიანად მედია გარემოსთვის და აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება განსაკუთრებით შემაშფოთებელია წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან გაჟღერებული გზავნილები, ასეთ პირობებში, მაუწყებლების მხრიდან აღიქმება, როგორც მუქარა და ზეწოლის მცდელობა"- წერია აჭარის მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში