აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში ჩატარდა 2700-ზე მეტი PCR ტესტი, აქედან 124 შემთხვევაში პასუხები კორონავირუსზე დადებითია.
აჭარაში მკურნალობის კურსს გადის 414 პაციენტი, აქედან 285 სამედიცინო დაწესებულებებში, 129 კი მეთვალყურეობის ქვეშ საკარანტინო სივრცეში იმყოფება.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო კლინიკების თანამაშრომლები. ასევე მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები. ნონა ეფაძის თქმით, ერთეული შემთხვევა არის მაღალმთიანეთში, მაგრამ ინფიცირება უკავშირდება ბათუმს.
''გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა 124 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 5 უკავშირდება საკარანტინო სივრცეს, შემთხვევათა უმეტესობა წინა დღეებში დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, რომლებიც იმყოფებოდნენ იზოლაციაში და ჩაუტარდათ მიზნობრივი ტესტირება.
ინფიცირებულია რამდენიმე პედაგოგი, სამედიცინო დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფარში, იქ გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა. ეს დაწესებულება იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ, მიზნობრივად ჩაუტარდათ მათ ტესტირება, რა თქმა უნდა პაციენტები გადაყვანილია კლინიკაში, დაწესებულებაზე მიმდინარეობს უწყეტი მონიტორინგი.
აჭარაში მიმდინარეობს როგორც ახლო კონტაქტების ისე იმ ადამიანების ტესტირება, რომლებიც თვითონ თვლიან, რომ არიან რისკის ქვეშ. განსაკუთრებით თუ კი ისინი დაუცველი იმყოფებოდნენ თავშეყრის ადგილებში. მაგალითად ქორწილში, სადღესასწაულო სუფრებზე, სადაც ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა და არ ეკეთათ ადამიანებს ნიღბები.
შემთხვევათა უმეტესი წილი არის მიზნობრივად მოძიებული, ეპიდკვლევების შედეგად გამოვლენილი ახლო და შესაძლო რისკის მქონე კონტაქტები'' - განაცხადა ნონა ეფაძემ.
მისივე თქმით, ბათუმში დღეს მხოლოდ ორი კარავი რჩება, სადაც ადამიანებს უფასო ტესტირების ჩატარება შეუძლიათ - ''ხოფის ბაზრობის'' მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტოსადგურთან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.
დღეს, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 2562 გახდა.