ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

10 სექტემბერი 2020, 13:26 2392 ნახვა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურის ერთ-ერთ მედიკოსს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური სამსახურების მიერ დაწყებულია ინფიცირების წყაროს კვლევა. ამ დროისთვის, იდენთიფიცირებულია მედიკოსის კონტაქტები, რომლებიც იზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან.

კოვიდ-19-ზე ტესტირება პერიოდულად უტარდება ბათუმის სასწრაფო დახმარების სრულ მედპერსონალს, რომელთაგანაც ინფექცია არავის დადასტურებია. ამჟამად, დამატებით პრევენციისთვის, კვლავ ტარდება განმეორებითი კვლევა ვირუსზე.

"ინფიცირებული მედიკოსი ბოლოს 4 სექტემბერს მორიგეობდა, რა დროისთვისაც მას უკვე ჩატარებული ჰქონდა ლაბორატორიული კვლევა კოვიდ-19-ზე და ვირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, დაინფიცირების პერიოდში, მას მოსახლეობისთვის ბინაზე გადაუდებელი დახმარება არ გაუწევია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებენ. მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით მიმდინარეობს"-აცხადებენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი