ბათუმში მოქალაქემ სამსართულიანი სახლი ტროტუარზე ააშენა და გზის ნაწილი ჩახერგა 

08 სექტემბერი 2020, 16:01 26586 ნახვა

ბათუმში, მარუხის ქუჩაზე ახალი სამსართულიანი კორპუსი პირდაპირ ტროტუარზეა აშენებული. ფოტოზე, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა გადაიღო ჩანს, რომ საავტომობილო გზაზე არის მონიშვნებიც. ქუჩის ნაწილი კი სახლს აქვს დაკავებული. აღნიშნულ მონაკვეთში გზა ვიწროვდება.

სამსართულიანი სახლი ახალაშენებულია. გვერდით დგას სხვა კერძო სახლები. 

ქუჩის მეორე მხრიდან გადაღებულ ფოტოში კი კორპუსი ძველ სახლების გასწვრივაა აშენებული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა, უწყებაში წერილობითი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ჭაობის დასახლებაში სახლი უნებართვოდაა აშენებული. 

''მარუხის ქუჩაზე გამოვლენილ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს.

2019 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს მიმართა. განმცხადებელს უარი ეთქვა სივრცით-მოცულობითი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო ტერიტორია მოიცავდა საავტომობილო გზის ნაწილსაც. აღნიშნულ მონაკვეთში კი, მშენებლობის წარმოება ჩაითვალა მიუღებლად.

დისციპლინური წარმოება დაიწყო მუნიპალიტეტის იმ თანამშრომლებთან მიმართებაში, რომელთაც, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უშუალოდ ევალებოდათ ფაქტზე რეაგირება'' - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ობიექტის მეპატრონე გელა გოგუაძე კი ამბობს, რომ შენობის დემონტაჟს არ აპირებს. სახლი მამა-პაპისეულ მიწაში ააშენა და ბათუმის მერიისთვის ნებართვის სათხოვნელად არც მიუმართავს. დღეს გაიგო, რომ 6000 ლარით დააჯარიმეს. 

გელა გოგუაძე დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს. 

ყვება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე ღობე ჰქონდა, შემდეგ კი ნაკვეთში სახლი ააშენა. მშენებლობის პერიოდში მასთან მერიის სამსახურის წარმომადგენლები არ მისულან. 

''სახლი აშენებულია ეზოში, ერთი სანტიმეტრიც არაა გადმოსული ეზოს. ვერავინ ვერ შემედავება მაგაზე. მერია იყო კი მოსული და ჯარიმაც გამომიწერეს. ვიღაცამ სურათი გადაიღო მეორე მხრიდან. 26 წელი აქ ვცხოვრობთ, ჩემი წინაპრებიც. იყო ძველი ეზო, შენობა-ნაგებობები შიგნით იყო. ნელ-ნელა საძირკველი ჩაისხა და მშენებლობა ახლა დასრულდა. სასამართლოში ვიდავებ, სახლის დემონტაჟს არ ვაპირებ'' - უთხრა მაუწყებელს გელა გოგუაძემ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი