სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების მიმართ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად ბარის სტუმრებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ასევე, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.