საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ, მორიგ განმარტებას აკეთებს.
უწყების ცნობით, კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში, 2020 წლის 31 აგვისტოს გარდაცვლილი პროგრამისტის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობას სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, ,,ჰიუნდაი აუტო საქართველოს“- წარმომადგენელი და ოჯახის ადვოკატი იღებდნენ.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დათვალიერდა ავტომანქანის საბურავები, ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი.
''ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „Hyundai Accent’’-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ ,,პულტით“, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა.
გარდა ამისა, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. ამასთან, ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით'' - აღნიშნულია განცხადებაში.