შატილის გზაზე მომხდარ ავარიას, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოში აკრედიტებული საელჩოები ეხმაურებიან. დაშვებულია დროშები. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში. „დღეს ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან ვგლოვობთ მათ, ვინც კვირას შატილის გზაზე ტრაგიკულად დაიღუპა.“ - წერს კარლ ჰარცელი.
ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი. „შოკირებული და დამწუხრებული ვარ. ფიქრებით დაღუპულებთან და მათ ოჯახებთან ვართ.“- წერს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ვუერთდებით ქართველ ხალხს დაღუპულთა გლოვაში. ვიზიარებთ მათი ოჯახების და მეგობრების ტკივილს. ვიმედოვნებთ, ამ საზარელი შემთხვევის გამოძიება დროულად წარიმართება და დასკვნები ხელს შეუწყობს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსწორებას“, – აღნიშნულია ნორვეგიის საელჩოს განცხადებაში.