მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს მოვუწოდებთ დარეკონ ნომერზე 144, რათა აღირიცხონ - ტურიზმის ადმინისტრაცია

11 აგვისტო 2020, 10:44 1184 ნახვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე 144, რათა ისინი აღირიცხონ და საკარანტინო ზონაში ორგანიზებულად გადაიყვანონ.

ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ კარანტინი გაიარონ სვანეთში ან სხვა რეგიონში, ასევე შეუძლიათ დარჩნენ იმ განთავსების ობიექტში, სადაც იმყოფებიან მანამდე, სანამ დატოვებენ სვანეთს და გაივლიან კარანტინს.

მოქალაქეების საკარანტინო ზონაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმყოფებიან სვანეთში ორგანიზებულად, მეთვალყურეობის ქვეშ საკუთარი ტრანსპორტით შეძლებენ საკარანტინო სივრცემდე მისვლას.

მოქალაქეებს, რომლებიც სვანეთში იმ სასტუმროში იმყოფებიან, რომელიც უკვე საკარანტინო სივრცედ მოეწყო, დღეიდან 14 დღის განმავლობაში სახელმწიფო აანაზღაურებს მათი განთავსების და კვების ხარჯებს.

დღეიდან მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოქმედებას იწყებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და ადგილობრივი მუნიციპიტატეტის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი, რომელიც სასტუმროებს ეწვევა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებსა და დამსვენებლებს ადგილზე გააცნობს სამოქმედო გეგმას და საჭირო ინფორმაციას. დაწყებულია მონაცემთა ბაზის შექმნა და კომუნიკაცია მოქალაქეებთან საკარაკნტინო ზონებში ორგანიზებული გადაყვანის მიზნით.

მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში 20 სასტუმრო, 340 ოთახით საკარანტინო ზონად უკვე მოამზადა. საკარანტინე სივრცეები მოეწყო ყველა იმ სასტუმროში რომელიც ჯანდაცვის სტანდარტებს აკმაყოფილებს. საკარანტინო ზონების შერჩევა გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი