საქართველომ COVID-19 პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათი ცნობით, ევროკავშირის დაფინანსებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა 1.5 მილიონამდე ერთეული პირადი დამცავი საშუალების შეძენა, რაც 5,000 სახის საფარს, 13,200 დამცავ სათვალეს, 30,000 საიზოლაციო ხალათს, 1,000,000 სამედიცინო ნიღაბს და 328,000 რესპირატორს გულისხმობს.
ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსმა ვინსენ რეიმ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ საქართველოში ჩამოსული დახმარება ოფიციალურად გადასცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
„ევროკავშირი კრიზისის დროს, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ამ სამედიცინო საშუალებების მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ქვეყანას სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებასა და წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების დაცვაში დაეხმარება, როგორც ახლა, ასევე მომავალში. ეს დახმარება ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად უწევს და ასახავს ჩვენს მყარ პარტნიორობას,“ - აღნიშნავს ვინსენ რეი.
„პანდემიასთან ბრძოლაში, როგორც ევროკავშირის ასევე ჯანმოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული 15 ტონა ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია, რაც საქართველომ ამ რთულ პერიოდში მიიღო. აღნიშნული დახმარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სწორედ იმ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ჯანმთელობის დასაცავად არის განკუთვნილი, ვისაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში და ვისი დახმარებითა და დაუღალავი შრომითაც საქართველო დღეს იქ დგას, სადაც დგას და არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ასეთი მარტივად მისაღწევი არ იქნებოდა რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარება“, - აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
„ჯანდაცვის მუშაკები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისას წინა ხაზზე მოქმედებენ, რაც მათ ინფიცირების გაცილებით მაღალი რისკის წინაშე აყენებს. ისინი ჩვენი გმირები არიან, მაგრამ მათი შესაძლებლობები ადამიანურს არ აღემატება. ევროკავშირის გულუხვი დახმარებით მიღებული დამცავი საშუალებები უფრო შეამცირებს ყოველდღიურ რისკებს და დაიცავს როგორც ჯანდაცვის მუშაკებს, ასევე მათ პაციენტებს,“ - აღნიშნა სილვიუ დომენტემ.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტვირთია, რომელიც ქვეყანამ დონორების მხარდაჭერით მიიღო. ის განკუთვნილია იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე იბრძვიან. აღნიშნული დახმარება ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს უფრო კარგად მოემზადოს გამოწვევების საპასუხოდ.
პირადი დამცავი საშუალებები ჯანდაცვის მუშაკების უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ის გადანაწილდება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 4,200 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.
პირადი დამცავი საშუალებების საქართველოსთვის გადმოცემა შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერის ფარგლებში. ამავე მხარდაჭერის ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებით აქტივობებსაც განახორციელებს, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებისა და წინა ხაზზე მოქმედი პროფესიონალების ტრენინგს, ასევე ჯანდაცვის სექტორის მზაობის და უკეთესი რეაგირების შესაძლებლობების ზრდას.
დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირმა €15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო ჩOVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.