ქობულეთის მერიასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილები, მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მირიან ქათამაძესთან შეხვედრაზე მხოლოდ ორი ადამიანი შეუშვეს. საპროტესტო აქციას თვითნებურად შესახლებულები მართავდნენ, რომლებსაც სავარაუდოდ გამოსახლებას უპირებენ. შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს, რომ მათ მერი საკითხის შესწავლას და დახმარებას დაჰპირდა. მირიან ქათამაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეების ინტერესებს გაითვალისწინებენ და მათი პრობლემის გადაჭრას შეეცდებიან. თავისუფლების #19-ში მდებარე, ყოფილი სტატისტიკის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მუნიციპალიტეტის შენობის ფოიეში შეიჭრნენ. ისინი ქობულეთის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ობიექტი რომელშიც ცხოვრობენ ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ იყიდა, რომელიც მათ არჩევნების შემდეგ შენობიდან გამოსახლებით ემუქრება. სამართალდამცველებს, დაცვის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა. ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ რომანაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.