აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები პროპორციულთან  მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდება

25 ივნისი 2020, 14:44 635 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდება. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საკითხზე შეჯერდა. აღნიშნულის შესახებ დავით გაბაიძემ სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.

"აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაშიც არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, დღეს დილით განახლდა კონსულტაციები და უმრავლესობა შევჯერდით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს ჩატარდეს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული საარჩევნო სისტემით.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიქმნება სამი მაჟორიტარული ოლქი, ჩვენც გამოვთქვამთ მზაობას, რომ მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდეს 3 -მდე და საარჩევნო ოლქების რაოდენობა და საზღვრები დაემთხვეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილ სამაჟორიტარო ოლქების რაოდენობასა და საზღვრებს.

არჩევნების ამ სისტემით ჩატარების შემთხვევაში აჭარის უმაღლეს საბჭოში იქნება პროპორციული წესით არჩეული 18, მაჟორიტარული წესით არჩეული 3 დეპუტატი"-განაცხადა დავით გაბაიძემ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში