ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით დაიწყეთ - NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD

23 ივნისი 2020, 10:26 1511 ნახვა

„ბათუმი-არომატების სუფრა“ -  ამ სათაურით სტატიას პოპულარული ბეჭდური გამოცემა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD აქვეყნებს. სტატიის ავტორი ბრიტანელ მკითხველს ურჩევს მრავალფეროვანი ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებით ბათუმიდან დაიწყოს. ინფორმაციას ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს კულინარიულ რუკაზე აღმოჩენისათვის დაიწყეთ ბათუმით - სახასიათო, საპორტო ქალაქით, სადაც მნახველებს შეუძლიათ დაისვენონ შავი ზღვის პლაჟებზე, აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და დატკბნენ ძველი ქალაქის არქიტექტურული სილამაზით.

ასევე, არ დაგავიწყდეთ ბათუმის კაფეებისა თუ ღვინის მარნების მონახულება.  არ გამოტოვოთ აჭარულ სამზარეულოზე სპეციალიზირებული რესტორნები. აჭარის რეგიონის სამზარეულოს გამორჩეული მაგალითია აჭარული ხაჭაპური - ყველითა და ზედწამოსკუპებული კარაქით გაჯერებული ნავის ფორმის პური, რომელსაც გვერდები უნდა მოატეხოთ, გულში ჩააწოთ და ისე მიირთვათ ცხლად'' - წერია სტატიაში. 

ბრიტანეთში წამყვანი ბეჭდური გამოცემა NATIONAL GEOGRAPHIC  TRAVELLER  FOOD ქართულ სამზარეულოზე წერს, რომ აღმოჩენისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ საქართველოა.

„ქართული სამზარეულო პოპულარობის ზენიტშია და მის აღმოსაჩენად არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე თვითონ ქვეყანაა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე გაშლილი, საქართველო ერთ დროს აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაჭრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მის ქალაქებში შემოჰქონდათ ნაირნაირი მადისაღმძვრელი სუნელები თუ მკაფიო არომატები, რასაც თავის მხრივ წვლილი შეჰქონდა აქაური სამზარეულოს ჩამოყალიბებაში“ ნათქვამია სტატიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი