ხვალ, 23 ივნისს, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის მესამე ეტაპზე, 2020-2021 სასწავლო წლისთვის მისაღები კონტიგენტის ოდენობა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთის და ხაშურის 80-მდე საჯარო სკოლაში გაიზრდება.
ბათუმის სკოლებში ამ ეტაპზე 350 ადგილია.
თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება 22 ივნისს ვებგვერდზე: catalog.edu.ge. დამატებით ადგილებზე რეგისტრაციის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება 23 ივნისის 12:00 საათიდან, სარეგისტრაციო ბმულის registration.emis.ge-ს საშუალებით.
სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთათვის განსაზღვრული ადგილები ბევრად აღემატებოდა დასარეგისტრირებელთა რაოდენობას. ამის მიუხედავად, ზოგიერთ საჯარო სკოლაში ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებისთანავე ამოიწურა მისაღები ლიმიტი.
''საჯარო სკოლების ადმინისტრაციებმა გაითვალისწინეს მოქალაქეების მოთხოვნა და სამინისტროსთან შეთანხმებით, არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაზარდეს მისაღები ადგილების რაოდენობა. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეებს 23-დან 25 ივნისის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ, დაარეგისტრირონ პირველკლასელები დამატებულ თავისუფალ ადგილებზე'' - წერია განცხადებაში.
მესამე ეტაპზე, 25 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 5 ივლისი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ პირველკლასელთა რეგისტრაცია დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე მე-4 ეტაპზეც. აღნიშნულ ეტაპზე რეგისტრაციის თხოვნით უნდა მიმართონ საჯარო სკოლების ადმინისტრაციას.