საქართველოს პრეზიდენტი ''მთავარი არხის'' წამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე ამბობს, რომ მადლიერია იმით რაც გაკეთდა. სალომე ზურაბიშვილს განცხადებით, დაცული იქნა ჟურნალისტის უსაფრთხოება, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტმა თქვა, რომ კადიროვის მუქარაზე კომენტარს არ გააკეთებს. ჩეჩნეთის ლიდერმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს.
რაც შეეხება ჟურნალისტებს კითხვას, რომელი ქვეყნიდან მოდიოდა დაკვეთა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ.
''მე ამაზე გავაკეთე განცხადება და ახლა კადიროვის განცხადებაზე ნამდვილად არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. პირველ რიგში მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, იმიტომ რომ ადამიანის და ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ყველასთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, დანარჩენი არის გამოძიების საქმე. მე ძალიან დიდი იმედია მაქვს, რომ ყველაფერი იქნება გამოძიებული.
რომელი ქვეყნიდან იგეგმებოდა ეს, რომ ვიცოდე ძალიან კარგი იქნებოდა. ცოტა პასუხისმგებლობით ვისაუბროთ. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი. არა მაქვს არანაირი უფლება დავადანაშაულო რომელიმე სხვა ქვეყანა, სანამ ჩვენ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით, რა მოხდა და როგორ მოხდა. არის ბევრი საეჭვო კითხვები ამაში ყველა ვთანხმდებით. ვერ გამომიტყუებთ, რომ ვინმეს დავადო თითი.
არა მაქვს უფლება, რომ პასუხისმგებლობა მივანიჭო ვინმეს, სანამ არ იქნება დასრულებული გამოძიება, რომელშიც ჩართული იქნება ყველა და თუ საჭირო იქნება უცხოეთიდან გამომძიებლები და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება.
კომენტარს კადიროვის განცხადებაზე არ გავაკეთებ. თქვენ ხართ ჟურნალისტები და გაქვთ უფლება ოფიციალური გამოძიების მიღმა გამოიძიოთ, მე ამის უფლება არ გამაჩნია'' - განაცხადა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: პრეზიდენტო ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთის დაკვეთა იყო? ან ჩეჩნეთის დაკვეთა იყო?
სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: მე შეიძლება რაღაცას ვფიქრობ, მაგრამ მე ამის თქმით უფლება არ მაქვს. მე დავგმე გაბუნიას განცხადება თავის დროზე, როგორც ჟურნალისტისთვის ვთვლი, რომ ჟურნალისტისთვის მორალურად და ეთიკურად არის მიუღებელი. ეს არ ნიშნავს ვამართლებ დღევანდელ სიტუაციას, რომელიც არის მიუღებელი. არ ვაფასებ ჯერ კადიროვის მუქარას, მე ამის უფლება არ მაქვს ველოდები გამოძიების დასრულებას''.
15 ივნისს ''მთავარი არხის'' გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.