ბათუმის საქალაქო სასამართლომ შპს „ორბიტას“ დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, ადვოკატის შუამდგომლობა 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე კი არ დააკმაყოფილა. გამოძიება მურმან კობახიძეს ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენებასა და სახელწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობის თანხის კერძოდ 144 ათას 465 ლარის გაფლანგვას ედავება. კომპანიას აღნიშნული თანხა ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის უნდა გაეხარჯა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს და თავს სრულად არ ცნობს დამნაშავედ.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს "ორბიტას" დირექტორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას წარადგინა ხელშეკრულების შესრულების და საავანსო გადახდის უზრუნველყოფის ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას“ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა ავანსის თანხა 188 000 ლარი, საიდანაც მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა - 144 465 ლარი, შპს „ორბიტას“ დირექტორმა სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა და დაკისრებული სამუშაოები არ განახორციელა. ბრალდებულმა როგორც დღეს სასამართლოს განუცხადა, კომპანიისთვის ავანსად გადარიცხული თანხა ამხანაგობა „მშენებელმა „ განკარგა და ყალბი დოკუმენტებიც მან დაამზადა. საქმის პროკურორის ინფორმაციით, ამხანაგობის თავმჯდომარე პასუხისგებაშია მიცემული სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება კი მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7 დან 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.