კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით, 04:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ასევე ვიდეომასალა გაავრცელა.
