ხმაურიანი გამოდგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენა ამჯერადაც უმაღლეს საბჭოში. სიტყვიერი დაპირისპირება დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, ორჯერ გახდა საჭირო ტექნიკური შესვენების გამოცხადებაც, მხოლოდ ამის შემდეგ ჩააბარა ანგარიში თორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს.
მიზეზი ნაციონალური მოძრაობის წევრის მოთხოვნა იყო, სხდომაზე დაეშვათ გარემოვაჭრეები, რომლებიც რეგიონის მმართველს უმაღლეს საბჭოსთან დახვდნენ. თხოვნაზე ელგუჯა ბაგრატიონმა უარი მიიღო, მიზეზად კი დავით გაბაიძემ დარბაზში თავისუფალი ადგილის არ ქონა დაასახელა.
ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ დეპუტატის სავარძელი სხდომათა დარბაზიდან ელგუჯა ბაგრატიონის გასვლის შემდეგ დაიკავა. სხდომა რამდენიმე წუთში გარემოვაჭრემაც დატოვა – მას შემდეგ რაც მოუწოდეს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სკამი დაეკავებინა. ამის შემდეგ დარბაზში, ძირითადად ქართული ოცნების წევრები დარჩნენ.