„არ ამოიღო, ბატონო სულიკო, ამბასადორი“ - ფრაზა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ბათუმის საკრებულოს ფუნქცია - აკონტროლოს მერია და მისი გადაწყვეტილებები. ფრაზა ბათუმის მერს - ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. ადრესატი საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძეა. მან მოკლე ტექსტური შეტყობინება მაშინ მიიღო, როცა საკრებულო ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხს განიხილავდა. „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს.
ბათუმის მერიისგან კი კიდევ 341 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და მასზე დამაგრებულ შენობას ითხოვდა. საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა ოპოზიცია და უმრავლესობის ერთი წევრიც. კომპანიის მოთხოვნას აპროტესტებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს, ამოეღო აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან, ვიდრე ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული ქონების მრავალწლიან სარგებლობაში გადაცემა ინვესტიციის განხორციელების პირობით შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს გენგეგმასთან.
იყო თუ არა მოკლე ტექსტური შეტყობინება ბრძანება ან დავალება საკრებულოს თავმჯდომარისთვის, ამის მტკიცება რთულია, თუმცა ფაქტია, რომ საკრებულომ „ამბასადორი ბათუმისთვის“ სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. სკანდალურ ტექსტურ შეტყობინებაზე ბათუმის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტებები სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.