ვინც ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის გადარჩენას ებრძვის - ზურაბიშვილი 

26 მაისი 2020, 12:01 1590 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად უნდა მოემზადოს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას ებრძვის.

„ასევე უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად და გვახსოვდეს, რომ ეს მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებას და უფრო მეტად სოლიდარობას. ესეც ბრძოლის ნაწილია, რომელშიც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ამ შემთხვევაში დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და იგი ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას. ვინც ამ დროს ექიმების მიმართ უნდობლობის გაჩენას, აუცილებელი ზომების ეჭვქვეშ დაყენებას და ხელოვნური მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, ის ქვეყნის წარმატებას და მაშასადამე, გადარჩენას ებრძვის.

ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ კრიზისში საზოგადოების დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რადგან ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან. ჩვენი წარმატება ამ პირველ ბრძოლაში ხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალურ გამოწვევაში ცალ-ცალკე ვერავინ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას.

პირველად კაცობრიობის ისტორიაში მსოფლიო გაჩერდა, იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, თუ როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში. ამის გააზრება ყველასგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ეგოიზმსა და სოლიდარობას შორის, დაპირისპირებასა და თანამშრომლობას შორის, კონფლიქტსა და მშვიდობიან გზას შორის. „ხვალინდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია, დავიკავოთ, ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას და საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი