„ამერიკელი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს” - დონალდ ტრამპი 

26 მაისი 2020, 11:45 1237 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო!

ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს!

ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის მნიშვნელოვან წვლილს ნატოს მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები ამერიკული და ნატოს ძალების მხარდამხარ მსახურობენ. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება,  დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ კორონავირუსის უპრეცედენტო გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად. ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე - ეკონომიკის დივერსიფიკაციაში.

გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას,  ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის მილოცვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი