ტურიზმი და პანდემია

09 მაისი 2020, 20:19 3854 ნახვა

კორონავირუსმა მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. პანდემიამ კრიზისი გამოიწვია ყველა სფეროში, გაჩერდა ეკონომიკა. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, დასაქმებულთა 81%-ის სამსახური ნაწილობრივ ან მთლიანად გაჩერდა. დიდი დეპრესიის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისია.

მთავრობები ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმებს ახორციელებენ, იღებენ ფინანსურ დახმარებასაც. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ.  დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში კოვიდ-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში.  ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის კოვიდ 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი  200 მილიონი დოლარის საბიუჯეტო დახმარებას გამოყოფს კოვიდ-19 პანდემიის გამო შექმნილი საბიუჯეტო და საგადამხდელო ბალანსის  საჭიროებების დასაფინანსებლად. პანდემიით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მომავალზე უნდა იზრუნონ ქვეყნებმა, ცხადია, საკუთარი ძალებითაც. საქართველომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. ხელისუფლებას აქვს პრეტენზია, რომ საქართველო  მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყოს, ვინც ყველაზე ადრე იქნება მზად ტურისტების მისაღებად.

15 ივნისს ქვეყანა შიდატურიზმს გახსნის, პირველ ივლისს კი საერთაშორისო მოგზაურების მიღებას გეგმავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ნათია თურნავას  განცხადებით,  სექტემბერში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოში რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრი ჩამოვა   და ჩატარდება მინისტერიალი, რომელზეც გადაწყდება, თუ როგორ განვითარდება ტურიზმის ინდუსტრია.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი