საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს - გამჭვირვალობა

05 მაისი 2020, 11:53 1482 ნახვა

"მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს, საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობია, კონკრეტულად როდის და როგორ აპირებს მმართველი გუნდი კონსტიტუციური და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. იმის გათვალიწინებით, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რა დროსაც კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელი არ არის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტული გეგმები ამ საკითხთან დაკავშირებით"-განცხადებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის საკითხებიც, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია. მათ შორისაა არჩევნებიც, რომელიც დაახლოებით 6 თვეში უნდა გაიმართოს და ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რა სისტემით ვატარებთ მას და რა ტიპის ცვლილებები შევა „საარჩევნო კოდექსში”

"მეორე მნიშვნელოვანი საკითხი 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხება. პანდემიის დროს არჩევნების გამართვის თემა დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურია. მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის ჩატარება, ვინაიდან, როგორც ჩანს, ადამიანთა მასობრივ თავშეყრაზე გარკვეული შეზღუდვები არაერთი თვის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ძალაში. განიხილება არჩევნებში მონაწილეობის რამდენიმე მეთოდი, მათ შორის დისტანციურად ხმის მიცემა (ელექტრონულად ან ფოსტით), ხმის მიცემის პროცესის არჩევნების რამდენიმე დღეზე გადანაწილება და სხვა"-წერია განცხადებაში.

​​მესამე სექტორში ამბობენ, რომ აუცილებელია ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე იმისთვის, რომ განისაზღვროს შესაბამისი ზომები არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. შემუშავდეს დროებითი შეზღუდვების პირობებში არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტები, სადაც გაიწერება კონკრეტული რეგულაციები, რათა ტექნიკურად შესაძლებელი იყოს ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზება. შეზღუდვების პირობებში შემუშავდეს არჩევნებზე დაკვირვების წესი და სხვა.

ორგანიზაციის განცხადება იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი