ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში 45 მოქალაქე მოიწამლა

20 აპრილი 2020, 19:28 7703 ნახვა

ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანი მოიწამლა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მათგან ორს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. 

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გამოკვლევის შემდეგ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ნაწილმა სასტუმრო უკვე დატოვა, სხვებს კი საკარანტინო სივრციდან ხვალ გაუშვებენ.

''ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში გვქონდა საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევა. ეს იყო ორი დღის წინ. 45 დაავადებული პირი აღირიცხა, რომელთაგან ორი იყო შედარებით  საყურადღებო იყო და ისინი კლინიკა მედ ემერჯენსში გადაიყვანეს. ერთდღიანი მკურნალობის შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ საკარანტინო სივრცეს. დანარჩენის მდგომარეობა იყო საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. ყველას შესაბამისი დანიშნულება მისცეს. შემდეგ უკვე, გუშინ რადგან ეს იყო კარანტინის 14 დღე, ჩაუტარდათ ტესტირება და დღეს დილის ინფორმაციით 49 პირმა დატოვა საკარანტინო სივრცე. მათ შორის იყვნენ,  როგორც საკვებისმიერი ინტოქსიკაციით დაავადებული პირები ასევე სხვა მოქალაქეები. 

ინტოქსიკაციის მქონე პირების ნაწილი ხვალ დატოვებს საკარანტინო სივრცეს, ვინაიდან ნაწილს 21 აპრილს გაუკეთებენ ტესტირებას. 

რატომ მოხდა და ვინ ამარაგებდა ამ ნაწილზე კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ეპიდემიოლოგებმა შეისწავლეს და გამოყვეს ყველა შესაძლო პროდუქტი, მაგრამ სანამ არ გვექნება პასუხი იდენტიფიცირება იქნება რთული'' - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ სასტუმროს, სადაც მოქალაქეებისთვის საკარანტინო სივრცე იყო მოწყობილი, მზა საკვებით  ''ახალი გემი'' ამარაგებდა. 

''სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება ინტოქსიკაციის შესახებ, სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახური მყისიერად გავიდა ადგილზე და ჩაატარა ინსპექტირება როგორც " სპუტნიკში'', ასევე კვების ობიექტში  "ახალ გემში", საიდანაც მარაგდებოდა სასტუმრო მზა საკვებით. თავად სასტუმროს  საკვების მომზადება არ ხდება. ინსპექტირებისას დარღვევები არ გამოვლენილა "ახალი გემის" კვების ბლოკში, თუმცა ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნედლეულის ნიმუშები, რომლის პასუხებიც უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. 

ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს საკარანტინო ობიექტებში სურსათის მომარაგების კონტროლს და არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება'' - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

მაუწყებელი ''ახალი გემის'' ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, რესტორანი დროებით მმართველობაში თურქეთის მოქალაქეს აქვს. გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები და კომენტარი ხვალ გაკეთდება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი