აჭარაში პლაქველინის დეფიციტია 

14 აპრილი 2020, 11:53 2013 ნახვა

''პლაქველინი დახლებიდან გაქრა, იყიდეს ისეთმა ადამიანებმაც კი, რომლებსაც ეს მედიკამენტი საერთოდ არ სჭირდებოდათ'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ერთ-ერთი აფთიაქის ფარმაცევტმა. 

ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელი ამბობს, რომ მედიკამენტი ბოლოს 20 დღის წინ ჰქონდათ, მას შემდეგ კი ბაზაში აღარ შემოსულა. წამალზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყანაში კორონავირუსი დაფიქსირდა, მის სამკურნალო ერთ-ერთ მედიკამენტად კი პლაქველინი დასახელდა. 

''ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ მოქალაქეები აქტიურად ყიდულობდნენ წამალს და მარაგიც მალე ამოიწურა. მანამდე ასეთი მოთხოვნა არ იყო'' - ამბობს ანა.

პლაქველინს, სხვა წამლებთან ერთად აქტიურად იყენებენ ექიმები ართრიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

დღეს კი პრობლემა სწორედ იმ ადამიანებს შეექმნათ, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ მედიკამენტს, პლაქველინს კი ბათუმის აფთიაქებში ამ ეტაპზე ვერ ყიდულობენ. 

აჭარის მაუწყებელი ბათუმში რამდენიმე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას დაუკავშირდა, სადაც გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე მედიკამენტი გაყიდვაში არ აქვთ. 

გუშინ, ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში შემოტანილია „პლაქვენილის“ 1000-ზე მეტი კოლოფი, რომელიც დარიგებულია შესაბამის დაწესებულებებში. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში უახლოეს მომავალში „პლაქველინის“ დამატებით 3 000 კოლოფი ჩამოვა, რომელიც უკვე საცალო გაყიდვაშიც ჩაეშვება.

როგორც ცნობილია პლაქველინის პროტოკოლით იყენებენ კოვიდ ინფიცირებულების სამკურნალოდაც.
საზოგადოებრივი მაუწყებელი კლინიკა მედალფას დაუკავშირდა, სადაც კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობენ. კლინიკის აჭარისა და გურიის რეგიონალური დირექტორი განცხადებით, რამდენიმე დღის მარაგი აქვთ, შეკვეთა უკვე გაგზავნილია და წამლებს 14 აპრილს ელოდებიან. 

''ასი აბი, ანუ დაახლობით სამი დღის მარაგი გვაქვს. იმ პაციენტების რიცხვიდან გამომდინარე რაც კლინიკაშია, ხვალ 600 აბს კიდევ ველოდებით. ფარმაცევტულ კომპანიასთან გვაქვს კავშირი და ისინი გვაწვდიან წამალს. როგორც ვიცი წყვეტა ჰქონდათ, მაგრამ ალბათ მარაგები შეავსეს, რადგან 14 აპრილს მოგვაწვდიან მედიკამენტებს.  გაწერილი პროტოკოლით ვხელმძღვანელობთ და პაციენტების სამკურნალოდ პლაქველინს ვიყენებთ. კლინიკა წამლებს თავად იმარაგებს და ჯანდაცვის სამინისტროსთვის დახმარების თხოვნით არ მიგვიმართავს'', - ამბობს ლევან ანთაძე. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ამბობენ, რომ კლინიკები მედიკამენტებს თავად ყიდულობენ. რაც შეეხება საცალო გაყიდვას, სააფთიაქო ქსელში პლაქველინი აღარ იყიდება. 

ერთი თვის წინ დონალდ ტრამპმა აშშ-ის წამლის ფედერალურ რეგულატორს მიმართა, არ დალოდებოდნენ კვლევების დასრულებას და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება დაეწყოთ. 12 აპრილს კი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ექიმებისთვის გაცემული პროტოკოლიდან, ქლოროქინი (იგივე პლაქველინი) ამოიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში