პოლიციამ თბილისში 1977 წელს დაბადებული პირი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ბრალდებით დააკავა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ის ყოფილ მეუღლეს, ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ დაკავებული, 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყოფილ მეუღლესთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით. გარდა ამისა, ბრალდებული მას სისტემატურად უთვალთვალებდა.
გამოძიების დაწყების პარალელურად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც, სხვა შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, ბრალდებულს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტითა და 11 პრიმა 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.