კოვიდ 19-ით ინფიცირებულ 33 წლის სპორტსმენს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გუშინ, 3 აპრილს შევიდა, პნევმონია დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა - აცხადებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში.
კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა.
"მდგომარეობა მძიმე არ არის, საშუალო სიმძიმისაა. აქვს პნევმონია, საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისაა, თან ერთვის დაბალი ტემპერატურა. სუნთქვის უკმარისობა მწვავედ გამოხატული არ არის", - განუცხადა ლალი ტურძელაძემ.
სპორტსმენის კონტაქტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადგენს.
სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, კონტაქტი სამ მუნიციპალიტეტთან, ზუგდიდთან, წალენჯიხასთან და ჩხოროწყუსთან ჰქონდა - ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ სპორტსმენს 16 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი, ნაწილი კი ახლა გადაჰყავთ.