ყველაფერს გავაკეთებთ, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად - გიორგი გახარია

28 მარტი 2020, 14:47 1876 ნახვა

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება. სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.

კლინიკას, რომელიც ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატები გადაეცა.

„ უახლოეს დღეებში კლინიკა შეძლებს, მოემსახუროს კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე რეგიონში იფუნქციონირებს საკარანტინე ზონები. ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ ეს ყველაფერი. მოვუწოდებ რეგიონის მკვიდრ თითოეულ მედიკოსს და ექიმს - სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციაზე. ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს ფუნქციონირებას აქვს სხვა ძალიან სერიოზული დატვირთვაც. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს თითოეულ მოქალაქეს მივეხმარებით.  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს არის ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი ფუნქცია და მისია”, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია. მომავალში კი კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი