აჭარაში თვითიზილაციის წესი ისევ დაარღვიეს - პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა 

20 მარტი 2020, 12:27 9890 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 14 ადამიანი ისევ გამოვლინდა, რომლებმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვიეს და რეკომენდაციის მიუხედავად სხვა პირებთან შევიდნენ კომუნიკაციაში. ისინი პოლიციამ იძულებით გადაიყვანა კარანტინში. მათ შორის იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ. 

"თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის რეგიონებიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 141 ადამიანია გადაყვანილი" - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

საქართველოში კორონავირუსით 43 ადამიანია ინფიცირებული, აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა. აჭარაში ინფიცირების მხოლოდ ერთი ფაქტია დაფიქსირებული, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სხვა ინფიცირებულებს საქართველოს მასშტაბით, 12 პნევმონია აქვს, 3 მდგომარეობა კი მძიმეა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში