ჩემს წინ და არც უკან არავინ დგას, არც მრჩეველთა საბჭო და არც დირექტორი - გიორგი აბაზაძე

04 მარტი 2020, 13:59 3185 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას გიორგი აბაზაძე შეასრულებს. ადგილი მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც ახალი ამბების ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაუშვეს, მისი მოადგილის პოსტი კი გააუქმეს. ამან კი მაუწყებელში კრიზისი შექმნა, პასუხისმგებელი პირი ახალ ამბებში 28 თებერვლის შემდეგ არ არსებობს. 

ახალი ამბების სამსახურში აცხადებდნენ, რომ ეს კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა. დირექტორისა და "ქართული ოცნების" კვოტით არჩეული სამი მრჩევლის სურვილია, საინფორმაციო პოლიტიკა შეცვალონ და ახალ ამბებს კრიტიკული შინაარსის შემქმნელი ჟურნალისტები ჩამოაშორონ. ამ ცვლილებებზე ჟურნალისტები დიდი ხნით ადრე საუბრობდნენ და მოვლენებიც შესაბამისად განვითარდა. 

ახალი ამბების სამსახური, დირექტორს მოვალეობის შემსრულებლად მოქმედი რედაქტორების დანიშვნას სთავაზობდა. დირექტორმა ეს წინადადება არ გაითვალისწინა და ამ პოსტზე საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, გიორგი აბაზაძე წარადგინა, რომელიც წინადადებას დათანხმდა. მას კონსულტაციები თანამშრომლებთან არ ჰქონია. 

გიორგი აბაზაძეს ვკითხეთ, თუ რატომ დათანხმდა წინადადებას ამ კრიზისულ სიტუაციაში?

ჩემთვის მოულოდნელი იყო შეთავაზება, თუმცა დავთანხმდი. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მოვახერხებ ახალი ამბების სამსახურის დროებით ხელმძღვანელობას, ვიდრე კონკურსი არ გამოცხადდება. მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს, ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც საზოგადოების წინაშე გვაქვს და გავაკეთებ იმას, რაც სამსახურის უფროსს ევალება.

გიორგი, თქვენმა კოლეგამ, ახალი ამბების წამყვანმა თეონა ბაკურიძემ ახლა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ახალი ამბების დიდ უმრავლესობას ჰქონდა მოქმედი რედაქტორების დანიშვნის მოთხოვნა. რადგან თქვენი კოლეგების დიდ ნაწილს ჰქონდა ეს სურვილი, გიქმნის თუ არა ეს უხერხულობას? ან ფიქრობ, თუ არა, რომ ისევ კრიზისი შეიქმნება საინფორმაციო სამსახურში?

მივიღე გამოწვევა და დავთანხმდი. არ დაგვავიწყდეს, რომ მაუწყებელი არ არის კონკრეტული ადამიანების საკუთრება.

ფიქრობთ, რომ ის ადამიანები, ვინც შესთავაზეს დირექტორს ამ პოსტზე, ისინი საკუთრებად მიიჩნევენ მაუწყებელს?

არა, თეონას ბაკურიძის რეპლიკას ვუპასუხე

რას ფიქრობთ, იქნებოდა თუ არა გამოსავალი თუნდაც სხვა რედაქტორის დანიშვნა? და თქვენ რატომ შეგარჩიათ, თქვენი აზრით?

 ეგ ჰკითხეთ მათ, ვინც შემომთავაზა და მხარი დაუჭირა ამ აზრს. 

დირექტორმა თქვა, რომ წინასაგაფიცვო პერიოდში, სანდო ადამიანი უნდა ყოფილიყო პოსტზე, დაბალანსებული და მიუკერძოებელი. ფიქრობს, რომ თქვენ მოიპოვეთ ეს ნდობა? რითი? მისი გადაწყვეტილებები არ გაგიკრიტიკებიათ?

მეტ კომენტარს არ ვაკეთებ.

კიდე ერთს გკითხავთ, ფიქრობთ თუ არა, რომ ახალი ამბების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომ ბორდის სამი წევრი და ადმინისტრაცია ცდილობს საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლას, საფუძვლიანია?...

ჩემს წინ და არც უკან არავინ დგას. არც მრჩეველთა საბჭო და არც დირექტორი, არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში.

გიორგი აბაზაძე მმართველთა საბჭოს მხარდაჭერით 7-1 წინააღმდეგ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ბრძანება გიორგი კოხრეიძეს ჯერ არ დაუწერია. 

საინფორმაციო სამსახურის უფროსზე კი კონკურსი გამოცხადდება.

შორენა ღლონტი, დისციპლინარული მოკვლევის შემდეგ, დისციპლინარული დარღვევის გამო სამსახურიდან 28 თებერვალს გაათავისუფლეს. იგი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ დაუსაბუთებელია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი