გასაუბრებაზე სიუჟეტის ჩვენებას ავტორის პროტესტი მოჰყვა

21 თებერვალი 2020, 18:49 3568 ნახვა

მაუწყებელში დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე ჯენი კვანტალიანის რეპორტაჟის განხილვას, მასალის ავტორის პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტი ზეწოლად მიიჩნევს შიდარეგულირების საბჭოს შესწავლილი მასალის საჯარო განხილვაზე გამოტანას. 

მთავარი საკითხი კი არის დირექტორის მოადგილისთვის იმ კომპეტენციის მინიჭება, რის გამოც ნათია ზოიძეს ხელშეკრულების პირობები შეუცვალეს. კომისიის წევრები და კონკურსანტები დღეს სარედაქციო პოლიტიკაში შეიჭრნენ რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ.

" რა კავშირში არის დირექტორის მომავალ მოადგილესთან განიხილო კონკრეტული ჟურნალისტის სიუჟეტი მაშინ, როცა ნათია ზოიძისთვის ხელშეკრულების ცვლილება იმ მოტივით დაიწყო, რომ არ ჰქონდა უფლება შემოსულიყო სიუჟეტის შინაარსში. რა გამოდის მაშინ? კონკრეტული ადამიანების მისამართით ვრცელდებოდა მხოლოდ ეს შეზღუდვა? მაშინ ხომ არ არის ეს უფლებამოსილების გაფართოება, დირექტორის მომდევნო მოადგილისთვის. მაქვს კითხვები, დაიცავს თუ არა მენეჯმენტი და მრჩეველთა საბჭო, ჩემი ერთი რიგითი დასაქმებული ჟურნალისტის უფლებას. ძალიან მაინტერესებს რა შედეგი მოჰყვება ამას? ვისგან გაიცა დავალება და ვისი დაკვეთა შეასრულეს კომისიის დღევანდელ სხდომაზე. რა სანქციებს გაატარებს მენეჯმენტი, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დაუკავშირდება ეს ყოველივე", - განაცხადა ჯენი კვანტალიანმა.

კონკურსანტებთან გასაუბრება დღეს, 21 თებერვალს გაიმართა. ჟურნალისტი მხოლოდ ერთ კანდიდატთან, ფირუზ ბოლქვაძესთან გასაუბრებას ესწრებოდა, კომისიის წევრებმა კონკურსანტებს მაუწყებლის ჟურნალისტის რეპორტაჟი უჩვენეს, რომელსაც თვითრეგულირების საბჭო განიხილავდა. კომისიის წევრებმა სხდომის დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტეს​, რაც საინფორმაციო სამსახურმა იკითხა, რატომ უჩვენებდნენ კონკურსანტებს აღნიშნულ რეპორტაჟს.

მოგვიანებით, მაუწყებლის იურიდიული სამსახურის უფროსმა თქვა, რომ საინფორმაციო სამსახურიდან განხორციელებული ზარი, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, რის გამოც სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

დირექტორის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე სამი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის ორი მაუწყებლის თანამშრომელია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში