2020 წელს აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

20 თებერვალი 2020, 13:50 5941 ნახვა

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.

გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

ჯანდაცვის და საგანმანათლებლო მიმართულებებზე სავალდებულოა 4 საგნის ჩაბარება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ბიოლოგია ხოლო მეოთხე საგანი უნდა აირჩიონ შემდეგი სამი საგნიდან : მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დააწესოს დამატებითი გამოცდა შემდეგ საგანში/საგნებში: ისტორია ან/და მათემატიკა.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეორე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა. აღნიშნული გამოცდის ჩატარებასაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

საგრანტო ქულა  გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსის აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგების მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.

მიმდინარე წელს ცვლილებები შევიდა ზოგიერთი საგნის ტესტებშიც.

ისტორიის გამოცდაში - გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება. 

მათემატიკაში - აბიტურიენტს  საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

სიახლეები იქნება უცხოური ენების ტესტებში. წაკითხულის გააზრება ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. გრამატიკის შესამოწმებელი დავალება კი 10 ის ნაცვლად 12 ქულიანი ხდება.

გამოცდისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია სავარაუდოდ მარტის პირველ რიცხვებში გამოცხადდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში