ოკუპირებულ ცხინვალში ქართული წარწერების მქონე მედიკამენტების ამოღების ფაქტზე, პრეზიდენტი გაეროსა და ევროსაბჭოს მიმართავს

19 თებერვალი 2020, 13:35 1462 ნახვა

პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავს - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი წერილებში აღნიშნავს, მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას, თან ერთვის ის, ფაქტი, რომ ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტი, რაც პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია. აღნიშნული ვითარების გამო, რთულ მდგომარეობაშია  ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და განსაკუთრებით კი, პენსიონერები, ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვითა და მედიკამენტების მოხმარების აკრძალვით იზღუდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც ჯანმრთელობის უფლებას, სიცოცხლის უფლებასა და გადაადგილების თავისუფლება ეხება.
პრეზიდენტმა კომისრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებისა და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, გადასასვლელი პუნქტის გახსნისთვის რეაგირებისაკენ მოუწოდა" - წერია პრესრელიზში.

17 თებერვალს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს.

"სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს არ არის ახალი, მაგრამ აქვს ახალი და საუბედურო გამოვლინებები, რომლებსაც ასობით და ათასობით ადამიანზეა აქვს გავლენა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მედიკამენტების ამოღება დაიწყეს და ეს არ არის დღევანდელი ამბავი, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მედიკამენტების ამოღება დაიწყეს ქართული წარწერებით", — თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი