"არ ვარ დარწმუნებული, რომ ხალიჩებს დამიგებენ - ვახო მოდიო" - კონკურსანტი აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე  

18 თებერვალი 2020, 18:56 2201 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე კონკურსში სამი კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორი ორი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი - ფირუზ ბოლქვაძე და ემზარ დიასამიძე, ხოლო მესამე კანდიდატი, ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელძღვანელი, ვახო ხუზმიაშვილია. 

ვახო ხუზმიაშვილი ამბობს, რომ ვაკანსიის შესახებ შემთხვევით გაიგო და ბედს ცდის, აიყვანენ თუ არა მას ამ პოზიციაზე. 

"მას შემდეგ, რაც "იბერია" დაიხურა, ფაქტიურად ვერ ვახორციელებ პროფესიულ საქმიანობას. ახლა ვნახე კონკურსი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და შევიტანე განაცხადი. ადრეც მქონდა სურვილი აჭარის მაუწყებელში მუშაობის, მაშინ საინფორმაციოს უფროსის თანამდებობაზე იყო ვაკანსია, უარი მითხრეს. არც ახლა ვარ დარწმუნებული, რომ ხალიჩებს დამიგებენ - ვახო მოდი და იყავიო... მე ვცადე, დიდი სურვილი მაქვს და თუ აღმოვჩნდები საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდში, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. ვეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო უფრო კარგ პოზიციაზე იყოს მაუწყებელი. 20 წლის განმავლობაში რაც მიკეთებია - ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, მოვახმარ მაუწყებელს. ჩემთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება" - ამბობს კონკურსანტი. 

ვახო ხუზმიაშვილი ტელეკომპანია იბერიის დახურვამდე  საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, პროფესიულ მუშაობის დროს ჩარევა არასოდეს ქონია, ტელევიზიას კი, მისი ხელმძღვანელობით, არანაკლები რეიტინგი ჰქონდა. ამბობს, რომ ტელევიზიის დახურვის შემდეგ, ბოლომდე ედგა მის გუნდს გვერდით: "მე არასოდეს ჩამრევია არავინ, შემეძლო დღემდე ვყოფილიყავი იბერიის ხელფასიანი თანამშრომელი, მაგრამ მე დავუდექი გვერდით ჩემს გუნდს ბოლომდე და როდესაც ვახო ხუზმიაშვილის თანამშრომლებს ხელფასი არ მისცეს, პირველი გამოვიდა და დაუპირისპირდა დამფუძნებელს".  ამბობს, რომ არასოდეს გამდგარა გვერდით და აღნიშნა ისიც, რომ "ომეგას" მფლობელების ნაჩუქარი ავტომობილიც არ დაიტოვა.  

ვახო ხუზმიაშვილი ამ ეტაპზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე და ჟურნალისტების მხრიდან საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაზე განცხადებას არ აკეთებს. თვლის, რომ ამ ეტაპზე უხერხულია, რადგან კონკურსში მონაწილეობს. ზოგადად კი სიტუაციას არასახარბიელოს უწოდებს. 

"აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები არ არის სახარბიელო, მე ყველა ჟურნალისტის მხარდამჭერი ვიქნები, ვისი უფლება დაირღვევა და ვინც შესაძლოა ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცეს. მე მექმნება უხერხულობა, რომ ვაკეთო რაღაც განცხადებები. კონკურსის წინ ჩემგან რაიმე სახის განცხადების გაკეთება, არ იქნება მაინცდამაინც გამართლებული, თუ დავიწყე იქ მუშაობა და დავინახე, რომ რომელიმე ჟურნალისტზე ხდება ზეწოლა, ვახო ხუზმიაშვილს არ მოერიდება თქვას ამის შესახებ. ყველა ჟურნალისტს ვუცხადებ სოლიდარობას, ვისი უფლებაც შეიძლება დაირღვეს ან ირღვევა... ორი აზრი არ არსებობს, რომ თავისუფლი ჟურნალისტიკა უნდა იყოს და არავის სურს წლების უკან დაბრუნება, ერთპიროვნული ან ერთპარტიული ტელევიზია. ამის წინააღმდეგი მაშინაც ვიყავი, დღესაც ვარ და 10 წლის შემდეგაც ვიქნები. თუ რომელიმე პარტიის ზეწოლის ქვეშ უნდა აღმოვჩნდე, ასეთი მუშაობა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ მინდა" - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი