პრეზიდენტმა ყოფილი დეკანოზი არ შეიწყალა - გიორგი მამალაძე ციხეში რჩება

06 იანვარი 2020, 11:43 2368 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 6 იანვარს, საშობაოდ 5 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის ვერ მოხვდა გიორგი მამალაძე - ამის შესახებ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტმა  თქვა, რომ არ გაითვალისწინა წმინდა სინოდის თხოვნა და არ შეიწყალა ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირი, რადგან მისთვის ეკლესიაზე შეტევა მიუღებელია და სახელმწიფოზე შეტევას ნიშნავს. ასევე თქვა, რომ საზოგადების დიდი ნაწილი ვერ გიაგებდა მის გადაწყვეტილებას. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო. ​18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტი პირველად გამოსცა. ამჯერად სიაში 5 პატიმარი მოხვდა, მათი სია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. 

''შეწყალების ახალი კრიტერიუმების დაცვით და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიღებული იქნება შეწყალების აქტი, იგი 5 ადამიანის შეწყალებას ითვალისწინებს. ეს სია ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბდა. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა, ნიშნავს საქართველოს ხელყოფას.

მე ადვოკატების არგუმენტებიც მოვისმინე და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება სამართლიანობას ეფუძნება. სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, მე არ მექნებოდა პასუხი რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ შვილები, მომავალი თაობა. 

ალბათ იკითხავთ რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა? - ამას პასუხი ის გახლავთ რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში კონსტიტუცია ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას. მსოფლიო მაგალითებიც კარგად გვიჩვენებს ამ განსხვავებას. იოანე პავლე მეორემ მასზე თავდამსხმელს სულ რამდენიმე თვეში აპატია დანაშაული, თუმცა იგი ციხიდან პრეზიდენტის შეწყალებით, მხოლოდ 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს'' - თქვა ბრიფინგზე პრეზიდენტმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი