როგორი იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბათუმის ცენტრალური ნაძვის ხეები

23 დეკემბერი 2019, 13:37 7082 ნახვა

2020 წელს, ბათუმში ცენტრალური ნაძვის ხის მორთვა ქოლგებით დაიწყო. ნეგატიური შეფასებებისა და გამოხმაურბების გამო, ქოლგებით მორთული ნაძვის ხეზე, მერიას განმარტების გაკეთება მოუწია. როგორი იქნება 2020 წლის ბათუმის ცენტრალური ნაძვის ხე, 25 დეკემბერს გახდება ცნობილი, მანამდე კი ვიცით ის, რომ საზეიმო ღონისძიებები ევროპის მოედნის ნაცვლად, ბათუმის ბულვარში ჩატარდება.  ნაძვის ხეს კი ბათუმის სიმბოლოებით - ქოლგებითა და დელფინებით მორთავენ.    

ვიდრე ახალ ინიციატივას ქალაქელები შეაფასებენ, მანამდე გადავხედოთ როგორი იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში საშობაო ნაძვის ხეები ბათუმში, ექსპერიმენტები და ცვლილებები საშობაო სიმბოლოს წლების განმავლობაში არ დაჰკლებია.

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 2016-წლამდე 30 მეტრი სიმაღლის იყო, რადგან მისი კონსტრუქცია ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროს ააწყვეს და წლების განმავლობაში, სხვადასხვა საფარით აფორმებდნენ. ნაძვისხის შესაფუთი მასალის შეძენა ტენდერით ხორციელდებოდა და არც თუ ისე იაფი უჯდებოდა ქალაქს.

2011-12 წლებში ნაძვის ხეს მწვანე საფარი ჰქონდა და გასაფორმებლად თეთრი ბურთულები შეიძინა მერიამ, რომელსაც რამდენიმე ფერადი განათების სარტყელი ჰქონდა. ამის გამო, ღამით ბურთულები სხვადასხვა შეფერილობას იღებდა. იგივე მორთულობა ჰქონდა, თუმცა ადგილი შეიცვალა ნაძვის ხემ 2012-13 წლებში. მთავარი ღონისძიება ანბანის კოშკთან გაიმართა.

2013-14 ისევ დაბრუნდა ევროპის მოედანზე და შეიცვალა ვიზუალიც. ამჯერად, ღამით ნაძვს ლურჯი შეფერილობის ფიფქები დაამაგრეს.

2014-15 წელს კი ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, სადღესასწაულოდ გამზადებული ნაძვის ხეს, ახალ წლამდე 5 დღით ადრე, ცეცხლი გაუჩნდა და შუა ნაწილი დაეწვა. ექსტრემალურად მერიამ მწვანე ხელოვნური საფარი შეიძინა და დამწვარი ადგილები ჩაანაცვლა.

ნაძვის ხეს მაშინ თოვლმა უშველა, ბათუმში  იანვარში თოვლი მოვიდა და შეკეთებული ქალაქის მთავარი საშობაო ატრიბუტი, საახალწლოდ ბუნებრივად მოირთო.

2015-16 წელს ნაძვის ხის ირგვლივ დატრიალებული აურზაურის გამო, ქალაქი დიდი ინტერესით ელოდა როგორი იქნებოდა ახალი საახალწლო სიმბოლო, რომლის შესასყიდად მერიამ სოლიდური თანხა გადაიხადა. ბათუმში ვერცხლისფერი ნაძვის საფარი ჩამოვიდა,  22 მეტრიანი რკინის ახალი კონსტრუქციით, რასაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკაც მოჰყვა.

ვერცხლისფერ ნაძვის ხესთან ერთად, ბათუმში მანათობელი ანგელოზების, ირმებისა და ზღაპრული გმირების მანათობელი ფიგურებიც ჩამოიტანეს და საერთო ჯამში, ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის, ბიუჯეტიდან მილიონ 420 ათასი ლარი დაიხარჯა. ნაძვის ხის ვერცხლისფერი საფარი წყალ და ცეცხლგამძლე იყო და ცალკე მისი ღრებულება 83 180 ლარს შეადგენდა.

წინა წლის მსგავსად, ბათუმში ახალწელს გათოვდა, ქალაქი იმდენად ლამაზი იყო, ნაძის ხის მიმართ პრეტენზიები ნაკლებად ისმოდა, თუმცა მეორე წელს აღარავის გაურისკავს იგივე "ვერცხლისფერი" ნაძვის ხის დადგმა.

შენაძენმა არ გაამართლა,  ამიტომ 2016-17 უკვე ახალი ნაძვის ხე იყიდა მერიამ და კიდე 256 ათას 730 ლარი გადაიხადა. ბათუმს მწვანე ნაძვის ხე დაუბრუნდა. სადად გაფორმებული ნაძვის ხეს განათებით უცვლიდნენ იერსახეს, 2017 ვარსკვლავები ჰქონდა, 2018 ზოლები, 2019 წელს დიაგონალური განათება.

2016-17 წელი - ამ წელს ნაძვი სხისთვის მერიამ  840 ცალი წითელი მწვანე და ოქროსფერი ბურთები და ამდენივე ბაფთა შუეკვეთა, ოქროსფერი ვარსკვლავი,  ლურჯი გრილანდები და მწვანე ლედ ნათურები იყიდა. 

2017-18 წლებში 256 ათას 730 ლარი დაიხარჯა. 

რაც შეეხება 2019-20 წელს. საახალწლო მორთულობისა და ღონისძიებებისთვის ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტიდან, 1,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.  ნაძის ხის მორთვა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა მისი ნაწილის ქოლგებით მორთვას, საზოგადოების ემოციური პოსტებიც მოჰყვა ფეისბუქზე, დიდწილად უარყოფითი შეფასებები. მოქალაქეებმა ცინიკურად ნაძვის ხის ქოლგები საბრძოლო ფარებს და მკერდსაც მიამსგავსეს.

ბევრმა, ქოლგების გამოყენება ბანალურად მიიჩნია. ამის გამო, ბათუმის მერიის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა სოციალურ ქსელში განმარტებაც გააკეთა:

"მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მორთვამ ასეთი დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. გვინდოდა ეს ყველაფერი სასიამოვნო სიურპრიზად დაგვეტოვებინა, თუმცა სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე, მინდა წინასწარ გითხრათ რამოდენიმე დეტალი იმის შესახებ, თუ რა დატვირთვა აქვს "ქოლგებს " და როგორი იქნება ჩვენი ნაძვის ხე საახალწლოდ.

როგორც იცით ქოლგა და დელფინი ბათუმის სიმბოლოებს წარმოადგენენ და ვინაიდან ქალაქის ბულვარი არის სავიზიტო ბარათი - გვინდა ყველას, ვინც საახალწლო დღეებში ეწვევა ბათუმს, ვაჩვენოთ და გავაცნოთ ჩვენი სიმბოლიკა. ეს არის მთლიანი კონცეფციის ნაწილი და მისი შეკვრა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც წინასწარი სამუშაოები დასრულდება და ჩვენ ერთად ვიხილავთ ერთიან სურათს. როგორც იცით, ქოლგების მიმაგრება უკვე დაწყებულია, ნაძვის ხის წინ კი შადრევნებთან ჩაიდგმება დელფინები, რომლებიც განათდება და ეს ყველაფერი მთლიანობაში შექმნის დღესასწაულისა და მხოლოდ ბათუმისთვის დამახასიათებელი უნიკალურობის განწყობას" - წერს სოფო ხალვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში