ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მომდევნო სხდომა კი 11 თებერვალს ჩაინიშნა.
ბრალდებულის ინტერესის დამცველი, სახაზინო ადვოკატი, დავით კეკელიძე ითხოვს ჩატარდეს ექსპერტიზა იმის დასადგენად არის თუ არა პიროვნება შერაცხადი.
"მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი ბრალდებულის ოჯახის წევრებს ჯერჯერობით უარი არის, რომ აიყვანდნენ კერძო ადვოკატს. მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა რაღაც პერიოდი გამოეყენებინა , მიეცა დაცვის მხარისათვის საქმის გასაცნობად, მაგრამ მან ეს არ გამოიყენა. ოჯახის წევრების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ჩვენს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა. შესაბამისად მოკლებული ვარ ინფორმაციას. აუცილებელია ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს არის თუ არაა ბრალდებული შერაცხადი"- განაცხადა დავით კეკელიძემ.
დაკავებულს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 16 - დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, დაკავების დროს მეორე პოლიციელზე ფიზიკური დაზიანების მიყენების გამო საქმე აღძრულია ამავე მუხლის მეორე ნაწილითაც ,რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.