აჭარის მაუწყებლის მრჩევლებმა ანაზღაურება გაიზარდეს

19 დეკემბერი 2019, 18:09 2321 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩევლებმა ჰონორარები გაიზარდეს. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს ანაზღაურება 3450 ლარი გახდა, მანამდე მისი ჰონორარი 2900 ლარს შეადგენდა. გიგა ჩხარტიშვილის მოადგილეს 3400 ლარი ექნება, სხვა წევრებს კი, 3330. ამ დრომდე რიგით სამ მრჩეველს 2625 ლარი ერიცხებოდათ.

საკითხს მხარი საბჭოს სამმა წევრმა: თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და თამარ წილოსანმა დაუჭირეს. გიგა ჩხარტიშვილმა კი თავი შეიკავა.

ჰონორარები მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობამაც გაზარდა, მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, საბჭომ თავიდან იმსჯელა ამ საკითხზე და ხელფასები შეიმცირა. 

საბჭოს წევრები ჰონორარების მატებას მაუწყებლის ბიუჯეტის გაზრდით ხსნიან.

''მრჩეველთა საბჭოს ჰონორარები და მისი ბიუჯეტი მიბმულია მთლიან შიდა პროდუქტზე, მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა აჭარის მაუწყებლის ბიუჯეტი, რაც ავტომატურად იწვევს მრჩეველთა საბჭოს ბიუჯეტის ზრდას'' - ამბობს გიგა ჩხარტიშვილი.

''ვფიქრობ მაშინ მრჩეველთა საბჭოს მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ რამდენჯერმე ვერ ჩაატარეს დირექტორის კონკურსი, ალბათ ისინი ფიქრობენ, რომ ეს თანხა მათ არ უნდა გაეზარდათ. ჩვენ ძალიან დიდი შრომა შევასრულეთ ოთხივე წევრმა, ყოველდღიურად მუხლჩაუხრელად ვშრომობთ და წინ კიდევ დაახლოებით 6 თვიანი თავჩაუხრელი სამუშაო გვაქვს. იმიტომ, რომ შესაქმნელი გვაქვს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგია და პრიორიტეტები, რომელიც სხვანაირი დოკუმენტის სახეს მიიღებს'' - ამბობს თამილა დოლიძე. 

''ამ მუხლს, რომ თანხა მოაკლო, მაშინ უნდა გადაიტანო მხოლოდ  იმ მუხლში, რომელიც არის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობისთვის. საქმიანობისთვის ჩვენ უკვე გაწერილ ბიუჯეტზე დაგვემატა 25%, ანუ ვახორციელებთ იმ საქმეს, რაც დაგეგმილი გვაქვს 3% შიგნით და იქ არაფრისთვის მოგვიკლია'' - განაცხადა სოსო სტურუამ. 

''ტელევიზიას ბიუჯეტის იზრდება მილიონ 600 000 და ამ ფონზე ჰონორარის მატება 26 000 ლარით და ზოგადად ამის 5 წვერზე განაწილება არ უნდა იწვევდეს დიდ აჟიოტაჟს. გარდა ამისა 6 წლის განმავლობაში, პირველი ბორდის წევრის ხელფასი 600 თუ 700 ლარი იყო და ეტაპობრივად იზრდებოდა. ასევე ბიუჯეტის გაზრდამდე ტელევიზიის თანამშრომლებსაც მოემატათ ხელფასები, დაახლოებით 10%-ით'' - ამბობს თამარ წილოსანი. 

კანონის მიხედვით ''მრჩეველთა საბჭოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა შეადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 3.0 %-ის ფარგლებში, ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა კი არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 2%-ს.''

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი