გვსურს, რომ ოპოზიციასთან დებატებში იყვნენ ჩართული და ხელისუფლებამ შეძლოს უპასუხოს კრიტიკას - საფრანგეთის ელჩი საქართველოში

19 დეკემბერი 2019, 18:00 1441 ნახვა

"გვინდა რომ მომავალი არჩევნები საქართველოში ჩატარდეს უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით, გვსურს, რომ დაცული იყოს პრესის თავისუფლება. გვსურს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს კვლევების გაკეთება და მათი წარდგენა, გვსურს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება დებატებში იყვნენ ჩართული, რომ ხელისუფლებამ შეძლოს უპასუხოს კრიტიკას, რომელიც მის საწინააღმდეგოდ გამოითქმის, ეს ნორმალური დემოკრატიული საქმიანობის შემადგენელი ნაწილია, გარკვეული უთანხმოებების დონე ნორმალური დემოკრატიული პროცესის ნაწილია" - ამის შესახებ საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიაგო კოლასი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აცხადებს. 

საფრანგეთის ელჩს მაუწყებლის ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 

ჟურნალისტი: ბოლო დღეებში არ წყდება საუბარი ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე, რომლის ადრესატი პრემიერი გიორგი გახარიაა. ამ წერილში გამოყენებულია ფრაზები:  “შოკირებული ვიყავით, როდესაც გავიგეთ პროპორციული წესით არჩევნების დაპირებული რეფორმის ჩავარდნის შესახებ”, “თავზარდამცემია ამბები იმის შესახებ, რომ ასობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი დაშავდა ან საავადმყოფოში მოხვდა, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალის მეშვეობით“. 

გარდა ამისა, ენდიაის ხელმძღვანელის კრიტიკული შეფასებაც მოვისმინეთ, რომელიც მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას ამერიკული ინსტიტუტების მიმართ.  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გზავნილებს როგორ აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება თქვენი შთაბეჭდილებებით?

საფრანგეთის ელჩი: შეკითხვაზე თუ როგორ უსმენს საქართველოს მთავრობა თავის პარტნიორებს, შემიძლია გიპასუხოთ, რომ დიალოგის დონე ძალიან ვრცელი და ინტენსიურია, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ქართველ პარტნიორებთან ერთად, მეტად მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს, ხშირია შეხვედრები. ბოლო დროს გვქონდა ღონისძიებები, რომლებმაც ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე დაადასტურა, იქნება ეს ბათუმში ფრანგული გემის შემოსვლა, თუ ამილახვრის სახელობის დიალოგი, ან კიდევ სულ ახლახან ჩატარებული კონფერენცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ასე რომ, საქართველოსთან დიალოგი ინტენსიურია, მსგავსი მცირე რაოდენობის ქვეყნებთან თუ მინახავს. საქართველოსთან დიალოგი ინტენსიურია, მსგავსი მცირე რაოდენობის ქვეყნებთან თუ მინახავს. ეს ძალიან კარგია. ჩვენს მოსაზრებებს მართლაც ისმენენ საქართველოს მთავრობასა თუ საერთაშორისო პარტნიორებს შორის, ან კიდევ საქართველოს მთავრობასა და მაგალითად სამოქალაქო საზოგადოებას შორის.  შეიძლება იყოს დიალოგი და არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, შეიძლება გამოვთქვათ კრიტიკა და მთავრობას შეუძლია არ დაეთანხმოს ამ კრიტიკას. 

სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით, თქვენ ახსენეთ NDI, ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის ძირითადი დამაბალანსებელი ძალა დემოკრატიულ ქვეყანაში. ნახეთ რას აკეთებს დღეს გრეტა თუნბერგი, როგორ აყენებს ის მთავრობას კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ზოგჯერ აღიზიანებს ხელისუფალთ, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა იძულებულები ხდებიან, რომ მეტი გააკეთონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. 

ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ტიპიური ქმედება, რომელიც პოზიტიურია და სასარგებლო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას შეუძლია თქვას, რომ ამ კრიტიკას არ იღებს, მაგრამ მას მაინც უბიძგებენ წინსვლისკენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტანდარტების დაცვა, ჩვენ გვინდა რომ მომავალი არჩევნები საქართველოში ჩატარდეს უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით, გვსურს, რომ დაცული იყოს პრესის თავისუფლება. გვსურს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს კვლევების გაკეთება და მათი წარდგენა, გვსურს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება დებატებში იყვნენ ჩართული, რომ ხელისუფლებამ შეძლოს უპასუხოს კრიტიკას, რომელიც მის საწინააღმდეგოდ გამოითქმის, ეს ნორმალური დემოკრატიული საქმიანობის შემადგენელი ნაწილია, გარკვეული უთანხმოებების დონე ნორმალური დემოკრატიული პროცესის ნაწილია. უთანხმოებების შესახებ მორიგება უნდა მოხდეს მყარ ინსტიტუტებში, მტკიცედ გაწერილი წესების საფუძველზე, ვინაიდან ეს არის დემოკრატიული ქვეყნის ევროპული ფუნქციონირება" - განაცხადა დიაგო კოლასი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში