''მინდა ეკონომიკური ზრდის რისკების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრის დავავალო ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტაში, დაკრედიტების ზღვარი 200 ლარის ფარგლებში, განვიხილოთ შესაძლებლობა და 100 000 ლარამდე ჩამოვწიოთ'' - ეს განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიამ ივანე მაჭავარიანს საკითხის შესასწავლად ერთი კვირა მისცა.
ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე გასულ წელს გაიზარდა.
პრემიერ მინისტრმა ასევე ეროვნულ ბანკსაც მიმართა და თქვა, რომ ფასების დასტაბილურებისთვის ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ.
„მინდა, ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერ განცხადებით მთავარი მზიანი არის ეკონომიკის ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, რომელზეც ქვეყანაში განვითარებული დესტრუქციული მოვლენები უარყოფითად მოქმედებს.
''ჩვენი ქვეყნის უახლესი წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაც და მიზანი იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში სამუშაო ადგილები. ყველაფერი ის რაც ხდება ჩვენი ქვეყნის სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას, ანუ ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ, გარკევული ნაბიჯები უნდა გადავდგათ.
ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.