18 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესიდან მოსამართლემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი გააძევა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მიიღო.
ელგუჯა ბაგრატიონისა და მასთან ერთად კიდევ 5 პირის სასამართლოს დარბაზიდან გაძევების მიზეზად მოსამართლემ სიცილი დაასახელა.
სხდომათა დარბაზიდან ანალოგიური მიზეზით "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანიც გააძევეს.
"უმისამართოდ ვიღიმებოდი თან", - განაცხადა რატიანმა დარბაზიდან გასვლის შემდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებული 37 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს 37-ვე პირის მიმართ, რომლებიც გუშინ დროებით გაათავისუფლეს.