აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს - სხდომა გადაიდო

15 ნოემბერი 2019, 14:54 1764 ნახვა

მთავრობის სახლთან აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი სამშაბათისთვის გადაიდო, დაკავებულები კი, დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლი, რომლითაც 4 პირი დააკავეს ითვალისწინებს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას.

პროცესის გადადება ბრალდებულებმა მოითხოვეს, თქვეს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გაცნობისთვის დრო სჭირდებოდათ, ასევე სურდათ ჰყოლოდათ ადვოკატი. 

მოსამართლემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

რეზო ხარაზი, გია ხალვაში, ალექსანდრე მილორავა და ბეგლარ ფუტკარაძე დარბაზიდან გაუშვეს. 

სასამართლო სხდომის შემდეგ რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ ისინი სახლში წასვლას არ აპირებენ და იბრძოლებენ იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი დაასრულონ.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო რეალურად აღარ გვაქვს, გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ოცნებამ ანზორ ბოლქვაძის და მისი თანაგუნდელების ამარა დაგვტოვა, ვნახეთ, რომ 20 ივნისს რაც მოხდა, ტრაგედია, ოცნებამ ის ვერ გაანალიზა და ბიძინა ივანიშვილმა დაგვცინა. ამიტომ ნებისმიერი ჩვენი წინააღმდეგობა, ნებისმიერი გამოსვლა, ნებისმიერი აქტივობა, თუნდაც საკუთარი აზრის, პროტესტის გამოხატვა, ეს არ არის დანაშაული.  ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ ვაპირებთ არავინ სახლში წასვლას, ჩვენ არ ვაპირებთ ვუყუროთ და მოვუსმინოთ თუ როგორ იღუპება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასრულდეს. სასაცილოდ არ ჰყოფნის ივანიშვილი პოლიციელებს, იმ ადამიანებს ვისთან ერთადაც ორი საათი გავატარეთ. ყველას მოვუწოდებ გამოდით იქ, სადაც დგას ხალხი"- განაცხადა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა რეზო ხარაზმა. 

ოთხივე ზემოთხსენებული პირი  აჭარის მთავრობასთან აიყვანეს. მათ გამოძიება პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი