ბათუმში წელს ძაღლებმა 2341 ადამიანი დაკბინეს

14 ნოემბერი 2019, 17:55 4667 ნახვა

ბათუმში, ბოლო ათი თვის განმავლობაში, ცხოველის მიერ ადამიანების დაკბენის რაოდენობა 700 შემთხვევით არის გაზრდილი. ბათუმის მერია ასიათასობით ლარს ხარჯავს ამ მიმართულებით, თუმცა ქალაქში უპატრონო ცხოველთა რაოდენობა იზრდება. 

2018 წელს, ბათუმში ცხოველთა დაკბენის 1649 შემთხვევა დაფიქსირდა, იგივე პერიოდში, 2019 წელს, ციფრი გაიზარდა და ძაღლის კბენის გამო, სტაციონარს 2341 ადამიანმა მიმართა. სტატისტიკა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ოფიციალურად ჯანდაცვის ცენტრმა მიაწოდა. მათივე ინფორმაციით, დაკბენილი მოქალაქეებიდან 684-მა განაცხადა, რომ ქუჩის ძაღლმა უკბინა. 

"ქალაქში ცხოველების რაოდენობა როცა იზრდება, იზრდება ადამიანთა დაკბენის შემთხვევებიც, თუმცა, შესაძლოა, ვერ მიხვდეს მოქალაქე რომელმა ცხოველმა უკბინა, პატრონიანმა ან უპატრონომ. ბევრი ძაღლს  ყელსაბამის გარეშე უშვებს სასეირნოდ და ამიტომ სტატისტიკა შესაძლოა სხვა იყოს," -  ბათუმის მერიის გარემოს დაცვისა და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცეცხლაძე. 

მერიამ, 2014 წლიდან, ქუჩის ცხოველების მოვლის პროგრამა აამოქმედა, რომელსაც 5 წელია სტაბილურად კომპანია "სერვერი" იგებს. ამ წლების განმავლობაში, კომპანიას მერიამ უპატრონო ძაღლების პოპულაციის მართვისთვის 1 300 000 ლარი გადაურიცხა, თუმცა, შემცირების ნაცვლად, ბათუმში ცხოველების პოპულარიზაცია გაიზარდა.

2018 წელს, ბათუმში მერიას 3950 ცხოველის მოვლაზე ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, 2019 წელს, ამ ციფრმა 4600 შეადგინა. 

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ქუჩის ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია, კასტრაცია და ცოფის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება უნდა უზრუნველყოს, მათ შორს რევაქცინაციაც. 

მერიის პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება ცხოველების ევთანაზიაც, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად გაწერილი პირობების მიხედვით ხორციელდება. 

არსებული ხელშეკრულებებისა და დახარჯული თანხების მიუხედავად, ამ სფეროში მომუშავეები მიიჩნევენ, რომ ქუჩის ცხოველების პოპულაციის მართვა არ ხდება ეფექტურად და ამ თემაზე ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.  ბათუმის მერიაში კი ფიქრობენ, რომ პრობლემა კომპლექსურია და მხოლოდ ბათუმის მერია ვერ მოერევა ამ გამოწვევას. 

"პრობლემა კომპლექსურია, მოსახლეობაც უნდა დაგვიდგეს გვერდით, ცხოველების შემოდინება ხდება სოფლებიდან და ამის კონტროლირება შესაძლებელია, მხოლოდ ბათუმშია ცხოველების თავშესაფარი და სხვა მუნიციპალიტეტებსაც უნდა ჰქონდეს იგი, სხვა შემთხვევაში ნაკადი არ შეჩერდება" - ამბობს ბათუმის მერიის გარემოს დაცვისა და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცეცხლაძე. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ თვითმმართველობა მაქსიმუმს აკეთებს ამ პრობლემის დასაძლევად და ეფექტური მუშაობა იმაშიც გამოიხატება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, რეგიონში ცოფის ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

 

 

ავტორი: მაია ვარშანიძე

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში